ჩინურმა ინვესტიციებმა, „სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა შეიძლება გამოიწვიოს“, - ამბობს „ამერიკის ხმასთან“, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შესახებ საუბრისას, მაიკლ მაკფოლი.
რუსეთის ფედერაციაში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ ჩინეთი მთელს მსოფლიოში ექსპანსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს და გრძელვადიან პერსპექტივაში, „სამიზნე ქვეყნებისთვის“, პეკინთან თანამშროლობა მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება იყოს.
„ჩინეთს აქვს ძალიან ექსპანსიური საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა მთელ მსოფლიოში, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. სამიზნე ქვეყნებისთვის ზოგიერთი ინვესტიცია შეიძლება მომგებიანი იყო, მაგრამ ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული იძულება, - ამან შეიძლება გამოიწვიოს სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა. დღეს დიდ ძალებს შორის კონკურენციის მომენტში ვიმყოფებით, სადაც ჩემი აზრით, ტრაგიკულად, მაგრამ ეს ასეა, ახლა ხდება დემოკრატიული ბლოკისა და ავტოკრატიული ბლოკის რეფორმირება. ჩინეთი კი აშკარად არის ავტოკრატიული ბლოკის ლიდერი. ასე რომ, ისევ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ იყვნენ დემოკრატიული, თუ ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი“, - ამბობს მაკფოლი.
ის მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ, საბოლოოდ მიღებული „აგენტების კანონი“ ავტოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„ეს კანონი არის ნაბიჯი ავტოკრატიისკენ. იმედი მაქვს, ეს შეიძლება იყოს ქართველი პარლამენტარებისთვის გამოსაფხიზლებელი ნიშანი იმისთვის, რომ ცოტა უფრო სერიოზულად შეხედონ იმას, რასაც აკეთებენ და გააცნობიერონ, რომ არ შეიძლება, ერთი ფეხი ავტოკრატიულ სამყაროში, მეორე კი დემოკრატიულ სამყაროში გქონდეს“, - ამბობს ყოფილი ელჩი.
მაიკლ მაკფოლი რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი სწორედ იმ დროს იყო, როცა მოსკოვმა „უცხოეთის აგენტის“ კანონი მიიღო.