რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის იმედოვნებდა, რომ 2030 წლისთვის, საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იქნება „აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად“ „მომავლის ფანტაზიას“ უწოდებს.
„არ მოვახდენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ციტირებას, რადგან უკვე ცნობილია, მათ გამოხატეს საკუთარი პოზიცია. რადგანაც ეს იყო „მომავლის ფანტაზიის“ თემა, მოდით იმავენაირად ვუპასუხოთ: თუ იქნება ქმედება, რომელზეც პრაქტიკულ ჭრილში საჭირო იქნება პასუხის გაცემა, ამის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია", - თქვა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძემ 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".