„ბიბისი“ რამდენიმე ადგილობრივ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ ეგზიტპოლების მიხედვით, ინდოეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია, ნარენდრა მოდის ნაციონალისტური „ინდოეთის სახალხო პარტია“ ლიდერობს.
ინდოეთის პარლამენტში უმრავლესობის ფორმირებისთვის 272 მანდატის მოპოვებაა საჭირო. ეგზიტპოლების მიხედვით, ინდოეთის მმართველი პარტია და მისი პარტნიორი პარტიები ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში 367 დეპუტატს შეიყვანენ.
ინდოეთის მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური პარტიების ალიანსია, რომელსაც კონგრესის პარტია და მისი ლიდერი, რაჰულ განდი უდგას სათავეში. ეგზიტპოლების მიხედვით, ისინი პარლამენტში 143 მანდატს მიიღებენ.
ინდოეთში არჩევნები 7 ეტაპად გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 900 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა. არჩევნების ოფიციალური შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.