ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) უარყოფს ,,ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ ,,აგენტების შესახებ" კანონზე დასკვნის ავტორი სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია.
როგორც ODIHR-ის პრესსპიკერის, კატია ანდრუშის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში წერია, სამართლებრივი დასკვნა კანონის შესახებ მათი შიდა ექსპერტების მიერაა მომზადებული.
,,შეფასება მომზადდა ODIHR-ის შიდა ექსპერტების მიერ. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვამონიტორინგებდით ამ კანონმდებლობას, რამაც მოგვცა საშუალება სწრაფად და აკურატულად მოგვემზადებინა სამართლებრივი ანალიზი. ODIHR-ის დამკვიდრებული პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, შეფასების გამოქვეყნებამდე ტექსტი განსახილველად გაეგზავნა ჩვენს გარე ექსპერტთა პანელს, რომელსაც შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხები ეხება, ასევე მედიის საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის უფროს მრჩეველს.
ჩვენი [გარე] ექსპერტთა პანელი შედგება 14 აღიარებული საერთაშორისო ექსპერტისაგან, მათ შორის შედის ჯერემი მაკბრაიდიც, მაგრამ მოსაზრება არ დაუწერია არც მას და არც პანელის სხვა რომელიმე წევრს. არცერთ გარე ექსპერტთან ან კონსულტანტთან არ ყოფილა კონტრაქტი, რომ გაეწია კონტრიბუცია შეფასების შედგენაში”, – ნათქვამია ODIHR-ის პრესსპიკერის წერილში.