პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისთვის და საზოგადოებისთვის საკონსულტაციო ფორმატი შეიქმნა,- ამის შესახებ ,,ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, ,,ქართული ქარტია" მომავლის საქართველოს ასახავს. მელიას განცხადებით, ოლიგარქიული მმართველობა წარსულს ჩაბარდება და სახელმწიფო დასავლური განვითარების გზას დაუბრუნდება.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციით დაკისრებული როლი ეფექტურად შეასრულა, პატრიოტული ვალი მოიხადა და სათავეში ჩაუდგა იმ პროცესს, რისგან გამომდინარეც ეს დოკუმენტი შედგა. პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისთვის და საზოგადოებისთვის საკონსულტაციო ფორმატი შეიქმნა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პარტია „ახალის” ხელმოწერა ამ დოკუმენტზე არის, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი მომავლის საქართველოს ასახავს. ამ დოკუმენტის აღსრულების შემდეგ საქართველოში დემოკრატიული წეს-წყობილება იქნება, წარსულს ჩაბარდება პარტიული მმართველობის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პრაქტიკა. რა თქმა უნდა, ოლიგარქიული მმართველობა წარსულს ჩაბარდება, სახელმწიფო დასავლური განვითარების გზას დაუბრუნდება”, - განაცხადა მელიამ.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტია“ 26 მაისის ღონისძიებაზე წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ გაერთიანება შესთავაზა.