მნიშვნელოვანია განსხვავებული პოლიტიკური ძალების ერთობა იმ აუცილებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ უნდა გადაიდგას. პრეზიდენტის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია და ამიტომ ვუჭერთ მას მხარს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ერთობას ,,ევროპული საქართველო" მხარს უჭერდა და უჭერს.
„მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ შეთანხმება იმ ფუძემდებლურ საკითხებზე, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, თავისუფლებისთვის. ამ ქარტიაში ეს არის სწორედ მოცემული. ამ ტიპის ერთობას უჭერდა და უჭერს მხარს „ევროპული საქართველო“ ყველა ეტაპზე. ეს აჩვენებს ერთობას შინაარსზე, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან განსხვავებებს არ გამორიცხავს, მაგრამ აჩვენებს ქვეყნის ევროპულ გეზს, რაც ჩვენი საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას უნდა. ამიტომ იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი, საჭირო და ამიტომ ვუჭერთ მას მხარს. ჩვენ ვადებზე განსხვავებული აზრი გვაქვს, თუმცა, ეს არანაირად არ ცვლის არც ამოცანებს, არც შინაარს, რომ არ უნდა დავუშვათ არასდროს არათუ ასეთი სამარცხვინო, მოღალატეობრივი ხელისუფლების, არამედ ნებისმიერი ხელისუფლების ხელში ძალაუფლების კონცენტრაცია. ის რეფორმები, რაც აქ წერია, სწორედ ამას უზრუნველყოფს“,-განაცხადა ბოკერიამ.
პრეზიდენტმა „ქართული ქარტია“ 26 მაისის ღონისძიებაზე წარადგინა. ეს არის გეგმა, რომლის ირგვლივაც პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანება შესთავაზა.