დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არტემ ტუროვი, „ ქართული ოცნების" მიერ „აგენტების კანონის“ მიღებასა და მასზე პაპუაშვილის მიერ, საბოლოო ხელმოწერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველმა პარლამენტარებმა, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან მუქარის მიუხედავად, შეძლეს დაეცვათ თავიანთი პოზიცია და გაეკეთებინათ არჩევანი საქართველოს განვითარების სასარგებლოდ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისი სუვერენიტეტის გასაძლიერებლად.
„საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისი სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, რათა მასზე გავლენა არ მოახდინოს გარე ძალებმა, რათა ის განვითარდეს ზუსტად ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს და არა ისე, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსებს სურთ. ჩვენ ვნახეთ რეაქცია, როცა კანონი მიიღეს, რა მუქარები იყო ევროპელი პოლიტიკოსების, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ეს არის სანქციები და ეკონომიკური ზეწოლა, მაგრამ ქართველ პარლამენტარებს, ალბათ, უნდა მივულოცოთ ამ პოზიციის დაცვა და შემდგომი არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა ტუროვმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ „აგენტების კანონს“ ხელი დღეს მოაწერა. მისი თქმით, ის ძალაში ხვალიდან შევა.