ჩემი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე არის სავიზო შეზღუდვა, რომელიც ეხება, მათ შორის, პოლიციის კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამით ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ეს ეხება სავიზო რეჟიმის შეზღუდვასა და ფინანსურ სანქციებს.
„ჩემი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე არის სავიზო შეზღუდვა. ეს ეხება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ადამიანის უფლებების დამრღვევი პოლიციის კონკრეტულ მაღალჩინოსნებს. მესმის, რომ ძალიან აღიზიანებთ, პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან, პროპაგანდისტული გზავნილები და მანქანა აქვთ ჩართული. რაც შეეხება შეტყობინებებს, სხვათა შორის, არსებობენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც მალავენ, რომ მათი ოჯახის წევრები აშშ-ში სწავლობენ ან ცხოვრობენ.
გულწრფელად გითხრათ, არ მესმის, რატომ მალავენ. მათ ზუსტად იციან, რომ ექნებათ და აქვთ შეტყობინება, რომ მალე აშშ-დან გამოძევებული იქნებიან. არ ვიცი, მეილებზე თუ ტელეფონებზე, მაგრამ შეტყობინებები აქვთ. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამაზე ერთმანეთში საუბრობენ და სწუხან, რომ მათი ოჯახის წევრები გამოძევებული იქნებიან აშშ-დან“, - აღნიშნა დეკანოიძემ.