ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილი ამბობს, რომ გაეროს რეზოლუციაზე ჩინეთის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია

ჩინეთთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ შემთხვევაში ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პოზიციას, რომელმაც რეზოლუციაზე ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლებას საკუთარი სტრატეგია აქვს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსთან მიმართებით მხარდაჭერა გაიზარდოს. 

„რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, როდესაც მან თავი შეიკავა, ჩინეთთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. არაერთხელ ვუფიქსირებთ ერთმანეთს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობას და მის მნიშვნელობას. ამ მხრივ ძალიან მჭიდრო, შეთანხმებული პოზიციები გვაქვს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციას, ორივე ქვეყანა საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე, აყალიბებს თავის პოზიციებს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, როგორც ჩინეთი, ისე საქართველო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც მას წლების განმავლობაში ჰქონდა-ის თავს იკავებს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა მრავალწლიანი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა თავს იკავებს, ეს ამ ვითარებაში ჩვენთვის მხარდაჭერის ტოლფასია.

წლიდან წლამდე იზრდება ამ რეზოლუციის მხარდამჭერების რაოდენობა სწორედ იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ვაწარმოებთ. წელსაც დაემატა ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ. რამდენიმე ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა აფიქსირებს თავშეკავების პოზიციას ხოლმე, ესეც განპირობებულია იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორც მათ, ასევე საქართველოს აქვს ცალკეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სპეციფიკური მიდგომები და გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 64 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას.