„ქართულმა ოცნებამ“ დააკოპირა რუსული, ყირგიზული, ზიმბამბური კანონი და საბოლოოდ, ტყუილზე ააგო თავისი კამპანია, რომ ვითომ ევროპაშიც იგივე ხდება, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდა ტყუილზე დგას.
,,სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ მთელი პროპაგანდა ტყუილზე დგას. საუბრობენ, რომ ამერიკაში, კანადაში, საფრანგეთში იგივე კანონიაო, არ არის იგივე კანონი. რუსეთში, ყირგიზეთში, ზიმბაბვეშიც ებრძვიან ნებისმიერ უცხოურ ფულს, ევროპაში კი, პოლიტიკურად მოტივირებულ ფულს, ვინც პოლიტიკაში ერევა. ამაშია მთელი პრინციპული განსხვავებები. პრინციპულ დონეზე განსხვავებული კანონებია. აქედან გამომდინარე, არაფერი საერთო არ გვაქვს.
მარტივად რომ ვთქვათ, მე რომ დავეხმარო საქველმოქმედო ფონდს, რომელიც უპატრონო ძაღლებს ეხმარება საფრანგეთში, არც უცხოური ძალა ვიქნები და არც ის ფონდი ხდება უცხოური ძალის გამტარებელი, მაგრამ ჩემი პარტია თუ ჩაერევა საფრანგეთის პოლიტიკაში, მაშინ იქნება. ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ რომ დაეკოპირებინა რომელიმე ევროპული ქვეყნის კანონმდებლობა, ამერიკის კანონმდებლობა თავისი ლობიზმით და ყველაფრით, არავის ექნებოდა რაიმე კითხვა. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ გააკეთა. დააკოპირა რუსული, ყირგიზული, ზიმბამბური კანონი და საბოლოოდ, ტყუილზე ააგო თავისი კამპანია, რომ ვითომ ევროპაშიც იგივე ხდება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.