თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქციების საკითხს ეხმიანება.
კალაძის მტკიცებით, სანქციების არავის ეშინია.
„არანაირი შეტყობინება არ მომსვლია. ამ საკითხზე არ ვნერვიულობ და ნურც თქვენ ინერვიულებთ. ჩვენ ერთხელ უკვე მოვისმინეთ განცხადება სანქციებთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ჩვენი გადაწყვეტილება არ იცვლება, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. არავის ეშინია სანქციების. შესაბამისად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა - ვიცავთ ქვეყნის ინტერესებს, გვინდა სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება-გაძლიერება მოვახდინოთ. ჩვენ ვატარებთ ამ ქვეყანაში მცხოვრებლების ინტერესებს, ვიცავთ სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
ამიხსნან ერთი მიზეზი, რატომ შეიძლება მმართველი გუნდი იყოს სანქცირებული. რაში გამოიხატება ევროინტეგრაციისთვის ძირის გამოთხრა? ან რომელი ადამიანების უფლებები დაირღვა 2012 წლიდან დღემდე? უბრალოდ წარმოუდგენელი, არასერიოზული და ღიმილისმომგვრელია სანქციებზე საუბარი. შეიძლება 100, შეიძლება 200 ადამიანია სანქცირებული. არ ვიცი. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე და ბოლომდე დავდგებით. უპირველესი ჩვენი ქვეყანაა. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოხდეს ის, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება.
მე ადრეც ვთქვი, რომ დარწმუნებული ვიყავი სანქციები არ იქნება-თქო, რადგან ამის საბაბი არ არსებობს. დღესაც არ არსებობს ამის საბაბი, თუ რატომ უნდა დასანქცირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მთავრობის წევრები. უფლებამოსილება, რაც მათ ხალხმა მიანიჭა, რომ მიიღონ კანონი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ამის გამო უნდა დასანქცირდნენ? ეს არის სწორი? ხომ შეიძლება ვინმემ ერთი არგუმენტი მოიყვანოს, რატომ არის კანონი ცუდი“, - განაცხადა კალაძემ.
აშშ-ის სახდეპმა საქართველოში „აგენტების კანონის“ მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა.