მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია ,,ნაციონალურ მოძრაობაში" განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმიანება.
მისი შეფასებით, ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა თავიდანვე კომიკური და გაუგებარი იყო.
,,ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოსს, ჩემს კოლეგას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ლევან ხაბეიშვილის ე.წ. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობა იმთავითვე კომიკური და გაუგებარი იყო არამხოლოდ ჩვენთვის, მგონი, ,,ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრებისთვისაც. მისი ყველა მოქმედება ღიმილისმომგვრელი იყო, როგორც ამას ჩვენც ვამბობდით და კულუარებში ,,ნაციონალურ მოძრაობაშიც“ საუბრობდნენ. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, გამოიყვანონ ადამიანი, რომელიც მათ მიაჩნიათ, რომ ლევან ხაბეიშვილს აჯობებს. ჩემთვის და ჩვენთვის სულერთია, ვინ იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. თუ მკითხავენ, შემიძლია ვურჩიო, ბევრად უფრო ავტორიტეტული ადამიანები ჰყავთ პარტიის წიაღში“, – განცხადა ოდიშარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. ხაბეიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას თინა ბოკუჩავა დაიკავებს.
TV24-მა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით გაავრცელა.