ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვებას საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლეპენი ისტორიულ შანსს უწოდებს და აცხადებს, რომ მის პარტიას საშუალება ეძლევა საფრანგეთი ჩვეულ გზაზე დააბრუნოს.
„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, მივცეთ საშუალება ეროვნულ მოძრაობას, დააბრუნოს საფრანგეთი საკუთარ გზაზე. ამისთვის ჩვენ უნდა შევძლოთ, გავერთიანდეთ“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.
მისი თქმით, ის შეხვდა სხვადასხვა ოფიციალურ პირს, მათ შორის ულტრამემარჯვენე პარტიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს.
„მე შევხვდი სიის სათავეში მყოფს. ასევე, შევხვდი რიგ სხვა ოფიციალურ პირებს, რომლებიც შეძლებენ ამ უმრავლესობის ჩამოყალიბებას. ამას ელოდებიან ფრანგები ჩვენგან. მათ მკაფიო სიგნალი გაგზავნეს. მათ თქვეს: „ჩვენ გვინდა მიმართულების შეცვლა“. ჩვენ ვეუბნებით მათ: „მოდით, ჩვენ მზად ვართ ამის გასაკეთებლად“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა.
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. მარინ ლე პენი მიესალმება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.
მარინ ლე პენი: გვაქვს ისტორიული შანსი, მივცეთ საშუალება ეროვნულ მოძრაობას, საფრანგეთი საკუთარ გზაზე დააბრუნოს
