ევროკავშირი, Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში, თვის ბოლომდე უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე (URC 2024) სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს დახმარება დაკავშირებულია ყოვლისმომცველ რეფორმასთან და საინვესტიციო სტრატეგიასთან, რომელსაც უკრაინამ მხარი დაუჭირა.
„დღეს ასევე შემიძლია განვაცხადო, რომ თვის ბოლომდე ჩვენ უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევროს გამოვუყოფთ უკრაინის დაფინანსების მექანიზმიდან. ეს დაკავშირებულია ყოვლისმომცველ რეფორმისა და საინვესტიციო სტრატეგიასთან, რომელიც უკრაინამ დაამტკიცა და რომელსაც „უკრაინის გეგმა“ ჰქვია“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
მისივე განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად ივლისში ხელმისაწვდომი გახდება კიდევ 1.5 მილიარდი ევრო, გაყინული რუსული აქტივებიდან.
„ჩვენ ვაგროვებთ ფინანსურ ძალას, რათა დავეხმაროთ უკრაინას წინააღმდეგობის გაწევასა და აღდგენაში. რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, 1.5 მილიარდი ევროს ოდენობით, ივლისში ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.