ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, სოხუმის განახლებული აეროპორტიდან თვითმფრინავები რუსეთის შვიდ ქალაქში შეასრულებენ რეისებს.
მედიის ინფორმაციით, ეს ქალაქებია: მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, სოჭი და კრასნოდარი.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ხუთ ქალაქში - მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ყაზანი და სოჭი, ფრენები თბილისის მიმართულებითაც ხორციელდება. კრასნოდარის აეროპორტი კი უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიკეტა.
მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სოხუმში ფრენებს არ შეასრულებენ იგივე ავიაკომპანიები, რომლებიც თბილისის მიმართულებით ოპერირებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ შესაძლოა დასავლური სანქციები დაწესდეს.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ICAO-მ ჯერ კიდევ 2006 წელს გააუქმა აეროპორტის კოდი.