ევროპარლამენტარი ანსის პუპოლსი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს მოუწოდებს სანქციები დაუწესოს იმ ქართველ ჩინოვნიკებს, რომლებიც არადემოკრატიულ ქმედებებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი.
ევროპარლამენტარის მოწოდებით, სანქციები უნდა დაუწესდეს: ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ვახტანგ გომელაურს, შალვა პაპუაშვილს და კახა კალაძეს.
პუპოლსი საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ამბობს, რომ დემოკრატიული ევროპა არ შეიძლება გულგრილი დარჩეს იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება.
,,როდესაც ევროპარლამენტარი გავხდი, საქართველოში ჩავედი, პირადად შევხვდი რამდენიმე ოპოზიციონერს და ჩემი თვალით ვნახე იქ არსებული მდგომარეობა. სიტუაცია მართლაც კრიტიკული და დრამატულია - დემოკრატია კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანაშია საფრთხის ქვეშ და ეს ნათლად უნდა ვაღიაროთ.
24 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც საქართველოს საკითხის განხილვა იგეგმება. ეს არის შესაფერისი მომენტი, რათა შევახსენოთ როგორც ევროპარლამენტარებს, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ცივილიზებული და დემოკრატიული ევროპა არ შეიძლება გულგრილი დარჩეს იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება.
საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რამდენიმე ქართველი ჩინოვნიკისთვის უკვე დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, მე მოვუწოდებ ევროკავშირს, დაუწესოს სანქციები:
პოლიტიკოსსა და ოლიგარქს ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შელახვის, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებისა და მისი კონსტიტუციის პრინციპების შელახვის გამო, სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაში მისი მთავარი აქტორის როლის გათვალისწინებით.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარტია ,,ქართული ოცნებიდან" პოლიტიკურ რეპრესიებში შეტანილი როლისთვის და ,,უცხოელი აგენტების" კანონის მიღების გამო.
შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ მუქარისა და ძალადობის ორკესტრირებაში მონაწილეობისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელმაც თავის მხრივ, ხელი შეუწყო და ყურადღების მიღმა დატოვა დემოკრატიული უფლებების დამცველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა.
თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელმაც თავის მხრივ, ხელი შეუწყო დემოკრატიული უფლებების დამცველთა მიმართ სისასტიკეს",- წერია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართველმა ხალხმა დემოკრატიული ღირებულებების მიღების სურვილი აჩვენა.
„ქართველმა ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული სულისკვეთების მიღების სურვილი დემოკრატიული მმართველობისთვის და ევროკავშირთან მჭიდრო კავშირებისთვის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მათი ძალისხმევა ავტორიტარიზმით განადგურდეს. ჩვენ მოვუწოდებთ სწრაფ და კონკრეტულ ქმედებებს საქართველოს მხარდასაჭერად. ხალხის ბრძოლა დემოკრატიისთვის და პასუხისგებაში მიცემა მათ, ვინც მის ძირს უთხრის“, - წერს პუპოლსი.
პუპოლსის მოწოდებას უერთდებიან ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რობერტს ზილე და რუმინელი ევროპარლამენტარი ტრაიან ბასესკუ.
MEP Ansis Pūpols calls Josep Borrell for beggining Sanctions Procedures on Georgian Officials
— Ansis Pūpols (@AnsisPupols) June 14, 2024
Member of the European Parliament (MEP) Ansis Pūpols requests High Representative of the Union for Foreign Affairs and Security Policy, Josep Borrell, to start sanction procedures… pic.twitter.com/9VUrjKwyAp