„ჰეზბოლა“ მზადაა კვიპროსის წინააღმდეგ ომი დაიწყოს, თუ კვიპროსი ისრაელის საკუთარი ტერიტორიიდან სამხედრო ოპერაციების განხორციელების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ დაჯგუფების მეთაურმა, ჰასან ნასრალამ ტელემიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ოფიციალური ნიქოზია ისრაელის შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ტერიტორიაზე ოპერირების საშუალებას მისცემს, ეს „ჰეზბოლას“ მხრიდან საომარ მოქმედებად შეფასდება.
„ისრაელელი მტრისთვის კვიპროსის აეროპორტებისა და ბაზების გახსნა, რათა ისრაელმა იქიდან ლიბანზე მიიტანოს იერიშები, იქნება იმის ნიშანი, რომ კვიპროსის მთავრობა ომში ერთვება და ჩვენი წინააღმდეგობის მოძრაობა მათ როგორც ომის მონაწილეებს მოექცევა“, - აღნიშნა ნასრალამ.
კვიპროსი ლიბანის სანაპიროდან 250 კილომეტრში მდებარეობს. გასულ წლებში ნიქოზიამ და თელ-ავივმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გააღრმავეს და ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ.