ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს არ დაჩაგრავენ, მინისტერიალზე სწორად იქნება შეფასებული მიმდინარე მოვლენები და 2022 წლის შეცდომას არ გაიმეორებენ

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მინისტერიალთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებების გაკეთება რთულია. 

ბოჭორილშვილი იმედოვნებს, რომ მინისტერიალზე სწორად იქნება შეფასებული საქართველოში მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ გაიმეორებენ იმ შეცდომას, რომელიც 2022 წლის ივნისშიუკვე მოხდა.

„ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს დებატებს ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, მათ შორის საქართველოს საკითხს. იმედი მაქვს, სწორად იქნება შეფასებული საქართველოში, მის გარშემო მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ გაიმეორებენ შეცდომას, რომელიც ერთხელ უკვე მოხდა 2022 წლის ივნისში და საქართველოს არ დაჩაგრავენ. ვნახოთ, როგორი იქნება განხილვა. წინასწარ შეფასებების გაკეთება რთულია, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებით საკითხები ბევრად საღად იქნება განხილული, ვიდრე აქამდე, როცა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები გვესმოდა სხვადასხვა ინტერპრეტაციით. ოპოზიციას აქვს მრავალწლიანი ოცნება, როგორმე ქვეყანა და ამ ქვეყნის მოქალაქეები დასანქცირებული იხილოს. წლებია, ძალისხმევას არ იშურებენ კულუარებში მუშაობისთვის – ევროკავშირი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები, რათა საქართველო ან საქართველოს მოქალაქეები დასანქცირდნენ. ვერ გეტყვით, ამ ქვეყნის მიმართ ამხელა სიძულვილი რატომ ამოძრავებთ. ყველაფერს იყენებენ მიზნის მისაღწევად, ამ შემთხვევაში, საქართველოს საჭიროებებიდან გამომდინარე მიღებულ კანონს იყენებენ, რათა საქართველო იყოს კრიტიკის ქარცეცხლში და საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციებს მიაღწიონ“, – განაცხადა მან.

ბოჭორიშვილმა ჯოზეფ ბორელის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „კითხვის ნიშნების დასმა იქ, სადაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ხელს არ აძლევს საქართველოს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“.

„საქართველოს განაცხადი და საქართველოს კურსი ევროკავშირისკენ არ არის ერთდღიანი გადაწყვეტილება. ხელისუფლების მყარი ნებაა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იაროს და ეს ნება დაფუძნებულია ქართველი ხალხის ნებაზე. პირველ რიგში ეს ნიშნავს, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, რაც ამ ქვეყნის სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, სჭირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნების დასმა იქ, სადაც არანაირი საფუძველი არ არსებობს, ხელს არ აძლევს საქართველოს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

ერთადერთი, ვინც შეიძლება ამით ისარგებლოს, არის რუსეთი. ამ შემთხვევაში, სამწუხაროა, თუ ევროკავშირის ლიდერები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები თავიანთი განცხადებებით თუ ქმედებებით მხოლოდ და მხოლოდ ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რომლებიც ხელს მისცემს რუსეთს და არა საქართველო-ევროკავშირს, ჩვენს ურთიერთობებსა და ინტერესებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.