„გახსენით უბნები ემიგრანტებისთვის! ნუ გვპარავთ ხმას!“ - 1-ელ ივლისს, 12:00 საათზე, პარტიების - „გირჩი-მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართება. აქციის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ გუნდმა შვიდი თვის წინ დაიწყო კამპანია, რომელიც ეძღვნებოდა საარჩევნო უბნების გახსნას მსოფლიოს მასშტაბით ქართველი ემიგრანტებისთვის.
„საქართველოდან, არსებული ინფორმაციით, გასულია 1 მილიონ მოქალაქეზე მეტი. ჩვენ ამ კამპანიის ფარგლებში, მხარდაჭერა და აქტიური ჩართულობა მივიღეთ ჩვენი ემიგრანტებისგან. 90-ზე ქალაქში, ათობით ქვეყანაში გროვდებოდა ხელმოწერები და მსოფლიოს 35 ქალაქიდან შევიდა ოფიციალური მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რათა გაეხსნათ მათთვის უბნები“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ დრომდე საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხიც არ გაუცია და არავითარი მოქმედება არ დაუწყია.
„ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით მოქმედ ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ჩვენს მოქალაქეებს მოჰპარონ ხმა და წაართვან კონსტიტუციით განსაზღვრული მათი უფლება.
ამიტომ, ჩვენ, გირჩში მეტი თავისუფლება და დროას გუნდმა გადავწყვიტეთ პირველ ივლისს, 12:00-ზე, გავაკეთოთ აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ლეონიძის ქუჩაზე, რათა მოვთხოვოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას, რომ გახსნას უბნები. კამპანია გაგრძელდება, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე მათი უფლებებისთვის და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მილიონზე მეტ მოქალაქეს, ჩვენს მოქალაქეებს და თანამემამულეებს ჰქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ უცხოეთში მცხოვრებ ასობით ათას საქართველოს მოქალაქეს ჩამორთმეული აქვს არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლება. არსებული ინფორმაციით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში კი მხოლოდ 12000-მა მიიღო მონაწილეობა. ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა დაკავშირებულია საკმაო დიდ სამგზავრო თანხებთან და დროსთან. მსოფლიოს მასშტაბით გახსნილი 50 საარჩევნო უბანი, რა თქმა უნდა, ვერ უზრუნველყოფს მათი არჩევანის უფლებას.
7 თვის წინ, გირჩი-დროას გუნდმა დავიწყეთ კამპანია „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსს ეყრდნობა. კოდექსში წერია, რომ თუ კონკრეტულ ლოკაციაზე არსებობს მინიმუმ 50 ადამიანი, რომელთაც სურთ დააფიქსირონ საკუთარი ხმა არჩევნებზე, სახელმწიფო ვალდებულია გახსნას მათთვის საარჩევნო უბანი.
7 თვეა, მსოფლიოს ათობით ქვეყნის 90-ზე მეტ ქალაქში, ემიგრანტები ხელმოწერებს აგროვებენ. 35 ქალაქიდან, 50 და მეტი ხელმოწერით, წერილები უკვე გაიგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჯამში, საკუთარი ხელმოწერით რამდენიმე ათასმა ემიგრანტმა დაადასტურა სურვილი, საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ.
ამის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციას და საკუთარი მოქალაქეების უფლებას, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწევთ გაიგონონ და ანგარიში გაუწიონ ათასობით ქართველი ემიგრანტის ხმას“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.