ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინისა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეხმიანება.
როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, უკრაინა და მოლდოვა იწყებენ ნამდვილ ტრანსფორმაციას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ გზაზე.
მისივე თქმით, ეს არის მტკიცებულება უზარმაზარი პროგრესისა, რომელსაც მიაღწია ორივე ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, მიუხედავად იმ დიდი გამოწვევებისა, რომლებსაც აწყდებოდნენ და დღესაც აწყდებიან.
„კიდევ უფრო მეტად გასაოცარია უკრაინის ძალისხმევა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ წარმოუდგენელი სირთულეები და პრობლემები შექმნა.
უკრაინამაც და მოლდოვამაც რეფორმებისადმი და ევროპული ღირებულებებისადმი შთამბეჭდავი ერთგულება აჩვენეს. თუმცა ორივე ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციასთან ბრძოლის და ეკონომიკური სტაბილურობის გაზრდის მიმართულებით, რათა დააკმაყოფილონ ევროკავშირში გაწევრიანების მკაცრი სტანდარტები“, - განაცხადა მიშელმა.
დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს.