საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში, სხვა თემებთან ერთად, საუბარია ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არ არსებობაზე.
„კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. ამავე დროს, ჟურნალისტების საქმიანობას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა აფერხებს.
პრობლემურია საქართველოს პარლამენტში მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისათვის ამოქმედებული სპეციალური წესები, რომლებიც აკრედიტებულ ჟურნალისტს საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინტერვიუს შეწყვეტას ავალდებულებს. ამ წესებმა მედიის ნაწილს მოვლენების გაშუქების შესაძლებლობა შეუზღუდა.
უფლებადამცველთა წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციისა და სტიგმატიზების კამპანიების პარალელურად შემაშფოთებელი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს. სამწუხაროდ, 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახავი შეიძლება გახდეს. სახალხო დამცველმა, არაერთი აქტორის მსგავსად, მოუწოდა პარლამენტს უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე“,- აღნიშნულია ანგარიშში.