ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი კენიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ აქციების დროს დაფიქსირებულ ძალადობას გმობს.
მილერი კენიის ოფიციალურ პირებს დიალოგისთვის სივრცის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ვგმობთ ძალადობას, რომელიც დაფიქსირდა ნაირობიში და კენიის გარშემო საპროტესტო აქციების დროს. ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ და დიალოგისთვის სივრცის უზრუნველყოფისკენ, რათა აღდგეს წესრიგი“, – აღნიშნა მილერმა პრესკონფერენციაზე.
Reuters-ის ინფორმაციით, კენიაში გადასახადების გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად სულ მცირე ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა. დაშავებულია ათობით პირი.