ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტთან ერთად, პირველი მოსმენით განიხილა და 78 ხმით მხარი დაუჭირა.

როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო პაკეტით ხდება აღსრულების მექანიზმებისა და კანონის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი მექანიზმების განსაზღვრა.

ამასთანავე, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება.

კანონპროექტის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით განსხვავებული ბიოლოგიური სქესის ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სხვა სახის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება, დაუშვებელია.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით, პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

„17 მაისს, საქართველოს მილიონმა მოქალაქემ ქუჩაში გამოსვლით დაადასტურა ამ პაკეტის მხარდაჭერა, დაადასტურა მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მათი ხმა აქციოს კანონად. დღეს პარლამენტმა ამისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.