ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34%-ით ლიდერობს. 28.1%-ით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3% მოიპოვა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2% მიიღეს.
ამასთან მედიის ცნობით, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 65,5% შეადგინა, რაც მკვეთრად აღემატება 2022 წლის მონაცემს, რომელიც 47,5% იყო.
საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. საფრანგეთის მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატს აირჩევენ. არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო.