თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, რადგან საქმე დაზარალებული პირების პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს.
სხდომის დახურვის შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ პროცესი მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დახურულიყო. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა სრულად დახურა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. პროკურატურა მათ კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისს დააკავეს, რასაც მალევე მისი მეუღლის - მარიამ იაშვილის დაკავებაც მოჰყვა.
აბაშიძე აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლების ქმედებებს. სწორედ ამიტომ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს.