ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კაშია: ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა, პრემიის სახით, უკვე მიიღეს.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურ გვერდზე ასევე გამოქვეყნდა ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას კომენტარი.

გურამ კაშიას თქმით, ფეხბურთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და სპორტის ამ სახეობის მეტად განვითარებისთვის.

„ნაკრების სახელით, მსურს, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ ჩვენი შრომის დაფასებისა და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა“, – აცხადებს გურამ კაშია.