ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი კეპულაძე: თუ ქვეყანას ექმნება გარკვეული რისკი, აქციების ფასი მცირდება - ამან ჯაჭვური რეაქციით შესაძლოა გარკვეული პანიკა გამოიწვიოს

ეს არის შედეგი იმის, რომ გუშინ დაანონსდა სავარაუდო სანქციები აშშ-სგან , რამაც იმოქმედა ინვესტორებზე, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობენ. ამის შესახებ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა, გიორგი კეპულაძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით TV24-თან განაცხადა.

მისი განმარტებით, ქართული კომპანიების აქციების ფასი ქვეყნის მდგომარეობაზეა დამოკიდებული

„თუ ქვეყანას ექმნება გარკვეული რისკი, რა თქმა უნდა, აქციების ფასი მცირდება, რადგან ინვესტორები იწყებენ აქციების გაყიდვას. ამან ჯაჭვური რეაქციით შესაძლოა გარკვეული პანიკა გამოიწვიოს. თუმცა დღეს საბანკო სექტორთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ბანკებს საკმაოდ დიდი რეზერვი აქვთ - საფრთხე რომ ანაბრები დაიკარგება არ არსებობს“, - აღნიშნა კეპულაძემ.

მისივე თქმით, აქციების ფასის ვარდნა მთლიანად პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეა.

„თვე-ნახევარია აქციები მიმდინარეობს და არც ლარი გაუფასურებულა და არც აქციების ფასი შემცირებულა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. რატომ იმართება ეს აქციები, იმიტომ რომ ქვეყანაში შექმნა ხელისუფლებამ დესტაბილიზაცია რუსული კანონის შემოტანით.

მთელი პასუხისმგებლობა დღეს არის იმ 84 დეპუტატზე, ზოგადად „ქართულ ოცნებაზე“, მათ საპატიო თავმჯდომარეზე - ვინც მხარს უჭერს ამ კანონს.
ძალიან მნიშვნელოვანია მსხვილი ბიზნესის პოზიცია, რომელიც ვნახეთ პრემიერთან შეხვედრაზე, ზოგმა კარგი კანონიაო, შეაქო კიდეც, გამჭვირვალობის მოთხოვნითაც გამოვიდნენ.

დარწმუნებული ვარ, მსხვილ ბიზნესში და კომერციულ ბანკებში ყველა ძალიან კარგად ხვდება, რა არის გამომწვევი მიზეზი და მათ ერთად უნდა იფიქრონ გამოსავალზე და ყველანაირ ბერკეტით ზეწოლა უნდა მოახდინონ ხელისუფლებაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ქვეყანა ამ ტურბულენტური ზონიდან გამოვიდეს“, - განაცხადა კეპულაძემ.