უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა პირველმა ჯგუფმა, რომელთა რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული, ამერიკის შეერთებულ შტატებში, არიზონის შტატში, ნაციონალური გვარდიის ბაზაზე F-16-ის ტიპის გამანადგურებლებზე მართვის გაღრმავებული კურსი დაასრულა, წერს - airandspaceforces.com.
ამერიკის ნაციონალური გვარდიის პრესსპიკერმა, კაპიტანმა ერიკ ჰანიგანმა უარი თქვა დაესახელებინა არათუ პილოტების რაოდენობა, არამედ ისიც, თუ კონკრეტულად როდის დასრულდა პირველი ნაკადის წვრთნები. ამის მიზეზი პილოტების უსაფრთხოებაა. მისივე თქმით, ამით წვრთნების პროგრამა არ დასრულებულა და მას ახლა უკვე სხვა ჯგუფი გადის.
კაპიტან ჰანიგანის განცხადებით ცნობილი გახდა ისიც, უკრაინელი პილოტები ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წლის ოქტომბერში ჩავიდნენ. პენტაგონში თავდაპირველად არ გეგმავდნენ ასეთ ხანგრძლივ სწავლებას, თუმცა საბოლოოდ გამოვიდა, რომ წვრთნები 8 თვე გაგრძელდა.
უკრაინამ პირველ ეტაპზე 60-ზე მეტი F-16 უნდა მიიღოს ნიდერლანდებიდან და დანიიდან, ბელგია საკუთარ გამანადგურებლებს უკრაინას 2025 წლისთვის მიაწვდის. თვითმფრინავებს მიაწვდის კიევს ნორვეგიაც, თუმცა როდის, ეს ჯერ ცნობილი არ არის.