ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში კიდევ სამი მოქალაქის გვამი აღმოაჩინეს

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას, ისრაელის კიდევ სამი მოქალაქის გვამი აღმოაჩინა. ეს ადამიანები 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ „ჰამასის“ ტყვეობაში რჩებოდნენ.

ცახალის პრესსამსახურის განცხადებით, სამივე დაღუპული მამაკაცია.

ისრაელელმა სამხედროებმა დაღუპულები ქალაქ ჯაბალიაში 23 მაისს, ღამით ნახეს. სამხედროებმა ღაზაში ერთი კვირის წინ ასევე სამი ტყვის გვამი აღმოაჩინეს.

სულ „ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორიაზე ჩატარებული მასშტაბური ტერაქტისას 252 ადამიანი დაატყვევეს, რომელთა ნაწილი ისრაელმა პალესტინელ ტყვეებში გაცვალა, 130 ადამიანის ბედი კი დღემდე ისლამისტების ხელში რჩება. ტერაქტს ადგილზე 1200-მდე ადამიანი შეეწირა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის მორალური ვალდებულებაა, გააკეთოს ყველაფერი ტყვეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ცოცხლად თუ შესაძლებელია, თუ არა დაღუპულების მაინც.