ღაზის სექტორის მაცხოვრებლების თქმით, 21 მაისს, დილას, ისრაელის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა, მექანიზებული ძალების დახმარებითა და ავიაციის მხარდაჭერით, ჯაბალიაში ლტოლვილთა ბანაკის სიღრმისკენ სვლა განაგრძეს. ისრაელის ავიაციამ დაბომბა ასევე ქალაქი რაფაჰი, სადაც, მინიმუმ, ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონებზე მიტანილი იერიშების გამო პრაქტიკულად გადაკეტილია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზები. ლტოლვილებსა და ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად ემუქრებათ შიმშილის საფრთხე.
ადგილობრივი მაცხოვრებლების მტკიცებით, ჯაბალიის ბანაკში ისრაელელმა სამხედროებმა ბულდოზერებით გაანადგურეს მათი მაღაზიები და ადგილობრივი ბაზრის მიდამოებში დააზიანეს საცხოვრებელი სახლები.
ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ჯაბალიასა და რაფაჰში თითქმის ორი კვირის წინ დაწყებული ოპერაციების მიზანია ხელი შეუშალოს ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს ბანაკზე კონტროლის აღდგენასა და სამხედრო ინფრასტრუქტურის მოძლიერებაში.
ისრაელის მიერ არაბულ დასახლებებში რვა თვის წინ დაწყებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, 35 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და 10 000-ზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.