„თავისუფლების მარშის“ მონაწილეებმა, რომლებიც მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ, აქციაზე ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს.
მარშის მონაწილეებს ასევე გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით - „ემსახურე საქართველოს!“
სამინისტროს შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.
აქციის მონაწილეების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და დააჯარიმეს აქციის მონაწილეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებდნენ.
თავისუფლების მარშს სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები შეუერთდნენ, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ. მათ შორის არიან სტუდენტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი მარში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დასრულდება. მორიგ საპროტესტო აქციას კი ახალგაზრდები 26 მაისს, 19:00 საათზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართავენ.