საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს კვლავ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა.
პარლამენტის ბიურომ ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების - “საქართველოსთვის“ და “თავისუფლების“, ასევე უფრაქციო დეპუტატების: არმაზ ახვლედიანის, თამარ ჩარკვიანის, თამარ კორძაიას მიმართვები ცნობად მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ოპოზიციამ ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში მომზადებული კანონპროექტების განხილვას გამოუცხადა ბოიკოტი.
“დღეს, მესამე მოსმენით, ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებს განვიხილავთ. გამოდის, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ მისი ყველა შემადგენელი ნაწილით ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე მუშაობას უცხადებს ბოიკოტს. ესეც კარგი მაჩვენებელია თუ სად არიან და რომელ მხარეს არიან", - განაცხადა პაპუაშვილმა.