Reuters ინკოგნიტო ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის დელეგაცია ბოიკოტს უცხადებს ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალს, რომელიც გაეროში დღეს გაიმართება.
გაეროში არსებობს ტრადიცია, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნის წარმომადგენლები პატივს მიაგებენ ნებისმიერი სახელმწიფოს მოქმედი პირველი პირის დაღუპვას. ტრადიციის თანახმადვე, ღონისძიებაზე ირთვება მცირე მონაკვეთები დაღუპული ლიდერის საჯარო გამოსვლებიდან.
„ჩვენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ,“ - განუცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა. გაეროში ირანის წარმომადგენლობამ Reuters-ს ამ თემის განხილვაზე უარი უთხრა.
ირანის პრეზიდენტი ისლამური სახელმწიფოს მკაცრი შიდა და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო. მას ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის პოტენციურ მემკვიდრედაც მიიჩნევდნენ. რაისი 19 მაისს აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.