ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დღეს ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, ასევე კომისიის თავმჯდომარეების გადაყენების საკითხზე იმსჯელებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღის წესრიგის თანახმად, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, ოპოზიციონერი თავმჯდომარის, პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენლის გიგა ფარულავას, მისი სამივე მოადგილის - ამავე პარტიის წევრ მალხაზ თორიას, ყოფილი ენმ-სა და ამჟამად „ახალის" წევრების, თემურ ბასილაიასა და კახაბერ ჩანგელიას პოსტებიდან გადაყენების საკითხებზე იმსჯელებენ.

ამავე სხდომაზე განიხილება ხუთივე კომისიის, ასევე ოპოზიციონერი თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

10 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ" და „ხალხის ძალამ" საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება დაარეგისტრირეს.

საკრებულოს წევრები, რომელთა გადაყენებაც მმართველ პარტიას სურს, ამბობენ, რომ მათთვის ცხადი ერთი რამ არის - ალიანსი და გარიგება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ ენმ-ს შორის.

გარიგებაზე ბრალდებებს პასუხობენ „ქართულ ოცნებაში" და ოპოზიციონერ კოლეგებს, ამ შემთხვევაში, გახარიას პარტიისა და ენმ-ს უკვე ყოფილ წარმომადგენლებს, 2021 წელს შეთანხმებას ახსენებენ. „ოცნების" წევრები იმასაც ამბობენ, რომ საკრებულო „დასაქმების ბიუროდ" იქცა და შექმნილი კრიზისი ენმ-ში არსებული დაპირისპირების შედეგია.

რაც შეეხება ენმ-სთან ალიანსს, ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და გამორიცხავენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, საკრებულომ ოპოზიციონერი წევრების თანამდებობებიდან გადაყენების ინიციატივა ბოლომდე მიიყვანოს.

გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, „ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.

ავტორი: თეა შონია