ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარის გიგა ფარულავას, მისი ოპოზიციონერი მოადგილეებისა და საკრებულოს კომისიების ოპოზიციონერი თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი უნდა განეხილათ, ორშაბათამდე გადაიდო.
სხდომაზე გამოჩნდნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პერმანენტულად აპროტესტებენ „აგენტების კანონის“ მიღებას. ამან „ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და მერიის თანამშრომელთა უკმაყოფილება გამოიწვია.
ისმოდა ურთიერთბრალდებები „ქართული ოცნებისა“ და პარტია „ახლების" დეპუტატებს შორის.
სხდომაზე მხოლოდ ფრაქცია „ახალისა" და ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის" წევრები გამოცხადდნენ. სხდომას არ ესწრებოდნენ ენმ-ს დეპუტატები. ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება 10 აპრილს დაარეგისტრირეს.
გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, „ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.
ავტორი: თეა შონია