გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერ ირაკლი კობახიძის მხრიდან, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიმართ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ფიშერს გერმანიის სრული მხარდაჭერა აქვს, როცა საქმე საქართველოში პოლიტიკური მოვლენების მონიტორინგსა და ქართულ მედიასა და ორგანიზაციებთან ინტერაქციას ეხება.
„ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გერმანიის საგარეო, ასევე ხაზს უსვამს „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნასაც, რომლის მიხედვითაც, კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და გაწვეულ უნდა იქნეს.
„ქართველ ხალხს სურს მომავალი ევროკავშირში და მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, თავისუფლებასა და დემოკრატიას. თუმცა, ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობამ ამ გზას გადაუხვია. ვენეციის კომისიის მიერ 21 მაისს გაკეთებული განცხადება არის ძალიან მკაფიო: კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და უნდა გაიწვიონ. ეს არის გერმანიის მთავრობის პოზიცია, რომელიც საქართველოში ჩვენმა ელჩმაც გამოხატა. მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, როდესაც საქმე ეხება მის დავალებას გაუწიოს მონიტორინგი ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენების განვითარებას და ინტერაქცია ჰქონდეს ქართულ მედიასა და ქართულ საზოგადოებასთან გერმანიის მთავრობის პოზიციის ასახსნელად და გამოსახატავად", - ამბობს გერმანიის საგარეო უწყება.
29 მაისს, პეტერ ფიშერმა თქვა, რომ შეუთავსებელია, როცა EU-ის წევრობა გსურს და თან ცდილობ ის „გლობალური ომის პარტიად წარმოაჩინო".
აღნიშნულ განცხადებას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და „ასეთი ელჩის გამოგზავნისთვის" გერმანია გააკრიტიკა.