იმ მაღაზიის მფლობელს, რომლის ფორთოხალიც ოცნების დეპუტატმა აქტივისტს ესროლა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ჩასულ ოჯახს, POSTV-ის გადამღები ჯგუფი თავზე დაადგა და შეკითხვების დასმა დაუწყო.
ვიტალი გუგუჩიას გაღიზიანება ჟურნალისტის კითხვებმა გამოიწვია, რის გამოც მან გადამღებ ჯგუფს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თუმცა საუბარი ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ვიდეოს ვიტალი გუგუჩიას ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც ასახულია დაპირისპირების ამსახველი კადრები.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და პარლამენტის შენობა გვერდითა გასასვლელიდან დატოვეს, ერთ-ერთი მოქალაქე მათ მანქანებს აედევნა და „მონას“ ეძახდა. ამ დროს დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე, მანქანიდან გადავიდა, მარკეტიდან ფორთოხალი აიღო და მოქალაქეს ესროლა.
მეორე დღეს დეპუტატი მფლობელებს მაღაზიაში ეწვია, მაღაზიის მეპატრონეებმა კი კანონის მიღების გამო პასუხი მოსთხოვეს და აუხსნეს, თუ რა დიდი ზიანი მიადგა ქვეყანას მათი ქმედებით.