ჩვენ კარგად ვხედავთ, რა ხდება ამ ქარტიის გარშემო, ადამიანებს, ოპოზიციურ პარტიებს საერთოდ დაკარგული აქვთ თავმოყვარეობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ინიციატივაზე საუბრისას განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, მისთვის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა გაუგებარია.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ახალ როლს, მას არ შეურჩევია ეს როლი თავად, მას განუსაზღვრეს ეს როლი. ჩემი გადმოსახედიდან ეს ძალიან დიდი გაუგებრობაა, საერთოდ რა ქარტიაზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე. ერთი რამ მინდა საზოგადოებას შევახსენო: ჩვენ კარგად ვხედავთ, რა ხდება ამ ქარტიის გარშემო, ადამიანებს, ოპოზიციურ პარტიებს საერთოდ დაკარგული აქვთ თავმოყვარეობა. ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებდნენ რეზიდენტად და აღარ გავაგრძელებ, რა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ, დღეს მის გარშემო არიან გაერთიანებულნი და მათ თავად ჩაანაცვლეს საკუთარი ბელადი ახალი ბელადით, სალომე ზურაბიშვილით და ამ რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. ჯერ ერთი, მოვისმინე მისი ახალი შეთავაზება, რომ ჯერ თურმე უნდა მოუგონ ქართველ ხალხს და „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში, ამ ქაოსმა უნდა მოიგოს, ამ ომის გაერთიანებამ უნდა მოიგოს, შემდეგ უნდა დაანგრიონ სახელმწიფო ინსტიტუტები, შემდეგ ახალ არჩევნებში უნდა შეიყვანონ ქვეყანა ერთი წლის თავზე - რაღაც დიდ გაუგებრობაში არიან. რაც მალე შეეგუებიან რეალობას, მით უკეთესი მისთვის და მის გარშემო შეკრებილი ყველა „ლუზერისთვის“. ქართველმა ხალხმა გააზრებულად აირჩია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს, სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა, პარტიებს კი მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.