ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მეოთხედ ჩაიშალა. ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ, თუმცა კვორუმი არც შესვენების შემდგომ შედგა .
სხდომაზე მხოლოდ 13 დეპუტატი დარეგისტრირდა, გახარიას და „ახლების" პარტიიდან. ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ს დეპუტატები.
საკითხი და დღის წესრიგი კვლავ უცვლელია - საკრებულოს თავმჯდომარის,მისი მოადგილეების და კომისიის თავმჯდომარეების გადაყენება.
მანამდე საკრებულოს თავმჯდომარემ განვითარებული მოვლენები საბოტაჟად შეაფასა.
დღესვე დაგეგმილი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაც კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. კომისიის თავმჯდომარის ბესიკ გაბუნიას თქმით, უნდა განეხილათ საკრებულოს წევრების გაწეული ხარჯების ანაზღაურება და ზუგდიდის ბიუჯეტში ცვლილებები.
საკრებულოს სხდომა ხვალ განახლდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება 10 აპრილს დაარეგისტრირეს.
გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, „ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.
ავტორი: თეა შონია