ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეექვსედ გადაიდო სხდომა, სადაც ოპოზიციონერი თავმჯდომარის, გიგა ფარულავას, მისი მოადგილეების - თეიმურაზ ბასილაიას, მალხაზ თორიას და ასევე კომისიების თავმჯდომარეობის გადაყენების საკითხი უნდა განეხილათ.
„ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა", მის მიერვე ინიციირებული საკითხების განხილვას ისევ არ ესწრება. სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. შესაბამისად, კვორუმის შეკრებას წარმომადგენლობითი ორგანო 31 მაისიდან ელოდება.
საკრებულოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა საკრებულოს თავმჯდომარე, გიგა ფარულავამ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა კოლეგებს დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და ბოლომდე მიიყვანონ მათ მიერ დაინიცირებული საკითხი.
საკრებულოს სხდომაზე უკვე მესამედ ჩამოვიდნენ ანაკლიიდან მოსახლეობის ნაწილი - ისინი ელოდებიან აუქციონს, რათა მიიღონ ნებართვა ტურისტულ სეზონზე ობიექტების დადგმის.
ანაკლიელი ეკა გვილია ამბობს,რომ თუ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები არ შეხვდებიან და საკითხს არ გადაუწყვეტენ, ორშაბათს თვითნებურად გახსნის ობიექტს.
საკრებულოს სხდომა ორშაბათამდე გადაიდო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება 10 აპრილს დაარეგისტრირეს.
გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, „ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.
ავტორი: თეა შონია