უკრაინული მედია კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ კანადამ უკრაინის დასახმარებლად 38,1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა.
დახმარება ითვალისწინებს 10,9 მილიონი დოლარის დახმარებას სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე იძულებით გადაადგილებული ბავშვების რეაბილიტაციისთვის და ომის დანაშაულების მსხვერპლთათვის.
14,5 მილიონი დოლარი გამოიყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის აღსადგენად. 11,2 მილიონი დოლარი რეფორმებს მოხმარდება, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებს.
ამასთან, კანადა 1,5 მილიონ დოლარს გამოყოფს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირების მხარდასაჭერად.