ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ამერიკელი სენატორები რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვენ

ამერიკელმა სენატორებმა, ლინდსი გრეჰემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს.

კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მითითებით, რუსეთის მთავრობა ხელს უწყობდა და დღესაც უწყობს საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს პოლიტიკური ოპონენტების და უცხო ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების წინააღმდეგ.

სენატორ გრემის განცხადებით, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ რუსეთის აღიარება შეერთებულ შტატებს მისცემს მეტ საშუალებას პუტინის დასასჯელად უკრაინასა და მთელ მსოფლიოში ჩადენილი ბარბაროსობისთვის.

მისივე თქმით, პუტინის რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყანაა და უკვე დიდი ხანია საჭიროა ამის ოფიციალურად აღიარება.

სენატორი ბლუმენტალი კი მიიჩნევს, რომ აშშ ტერორიზმის სპონსორად რუსეთის გამოცხადებით შეძლებს, უფრო მტკიცე წინააღმდეგობა გაუწიოს პუტინის ბარბაროსობას და საფრთხეს, რომელსაც ის უქმნის თავისუფლებას და დემოკრატიას.

ეს არ არის ამერიკელი კანონმდებლების პირველი მცდელობა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ. სენატორებმა ლინდსი გრემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა მსგავსი კანონპროექტი პარლამენტს 2022 წელს წარუდგინეს. თუმცა, მაშინ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებას მხარი არ დაუჭირა.