საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიის არჩევნებში წარმატებას აპროტესტებენ. პარიზის ქუჩებში ათასობით მოქალაქე მას შემდეგ გამოვიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ ლიდერობს.
პარიზის გარდა საპროტესტო აქციები გაიმართა ლიონში, ნანტში, დიჟონში, ლილსა და მარსელში. მედიის ცნობით, პარიზსა და ლიონში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დემონსტრანტების წინააღმდეგ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. საფრანგეთში არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.
ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34%-ით ლიდერობს. 28.1%-ით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3% მოიპოვა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2% მიიღეს.