3 ევროპარლამენტარი: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ სვენ მიქსერი ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას მოუწოდებს, გადახედონ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის ევროკავშირის პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნისთვის.
ევროპარლამენტარები გმობენ „აგენტების კანონის“ მიღებას და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ღრმად იმედგაცრუებულნი“ არიან, როგორც უგილებელყო მმართველმა უმრავლესობამ უფლებადამცველი ჯგუფებისა და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ გამოთქმული წუხილები.
ისინი საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ უცხადებენ „სრულ სოლიდარობას“ ქართველ ხალხს, რომელიც, მათი თქმით, „გაბედულად იცავს“ დემოკრატიულ ღირებულებებს და პროტესტს მიმართავს ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის დასაცავად.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სიტუაციის დეესკალაცია უნდა მოახდინოს და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალის შემდგომი გამოყენებისგან.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას „გადახედონ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის ქვეყნისთვის ჩვენს პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას“ და დაუყოვნებლივ წარმოადგინონ ზეპირი შეფასება, თუ რა გავლენას მოახდენს „აგენტების კანონი“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.
3 ევროპარლამენტარი ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდებს
