თბილისის მერი „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დასკვნაში ფაქტები დამახინჯებულია.
მისი მტკიცებით, ვენეციის კომისიამ, ნაცვლად სამართლებრივი მსჯელობისა, პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასება წარმოადგინა.
„გვითხრა, რომ კანონი უნდა იყოს გაწვეული, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ ამის სამართლებრივი დასაბუთება ან შინაარსობრივი არგუმენტის მოყვანა. ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოდის, საქართველომ არ მოითხოვოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობა, თურმე, ეს ყველაფერი არადემოკრატიული ქმედებაა. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. საქართველოს მოსახლეობა ვენეციის კომისიისგან ელოდებოდა დასაბუთებულ, პროფესიულ მსჯელობას და კონკრეტულ არგუმენტებს, თუმცა ამის ნაცვლად ხელში შეგვრჩა პოლიტიკური მესიჯები. ეს დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური მესიჯებით და არანაირი სამართლებრივი შენიშვნა არ ყოფილა“, – განაცხადა კალაძემ.
ვენეციის კომისია „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს და მკაცრად მოუწოდებს ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.